ადვოკატთა ასოციაციის  საფეხბურთო ნაკრები 

11 მაისი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი, რომელიც ფეხბურთის მოყვარული ადვოკატებისგან შედგება, 2018 წელს ჩამოყალიბდა. საფეხბურთო გუნდი პირველად 2018 წლის სექტემბერში შეიკრიბა და მზადება საერთაშორისო დონის შეხვედრისთვის დაიწყო. ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი 2018 წლის ოქტომბერში უკრაინაში, კიევში, გაიმართა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად შექმნილმა გუნდმა ტურნირში მეხუთე ადგილი დაიკავა და ორგანიზატორებისა და მაყურებლების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. 

პირველი საერთაშორისო მატჩის შემდეგ ასოციაციის მხარდაჭერითა და მოყვარულ ფეხბურთელ ადვოკატთა დიდი აქტიურობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის გუნდი განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ, კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს მოყვარული ფეხბურთელი ადვოკატები და ასოციაციის ნაკრებიც შეიქმნა. ნაკრები მორიგი ტურნირებისთვის ინტენსიურ შეხვედრებს, ვარჯიშსა და მზადებას შეუდგა. ნაკრების მწვრთნელად უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი თენგიზ სულაქველიძე დაინიშნა. 

2019 წელს ადვოკატთა ასოციაციის ნაკრები გამოვიდა ბაქოში (აზერბაიჯანში) გამართულ ადვოკატთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უპრეცედენტო რაოდენობის ადვოკატთა საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ. ეს ტურნირიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ადვოკატი ფეხბურთელებისთვის – ასოციაციის ნაკრებმა 16 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავა და მონაწილეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

2021 წელს ასოციაციის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი პირველად ჩაერთო თბილისის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მოყვარულ ფეხბურთელთა ჩემპიონატში – თბილისის „მასტერ ლიგაში“, რომელიც აპრილ-ნოემბერში მიმდინარეობდა. ნაკრებმა რანგით მესამე დივიზიონში (რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა) წარმატებით იასპარეზა და მეორე დივიზიონში გადასვლა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მესამე დივიზიონიდან მეორეში მხოლოდ 2 გუნდი გადავიდა. სწორედ მეორე ლიგაში იასპარეზებს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი „მასტერ ლიგის“ მორიგ ჩემპიონატში, რომელიც 2022 წლის აპრილში დაიწყება. 
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა არაერთი მიწვევა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ადვოკატთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატშიც, რომელიც მაროკოში, ქ. მარაკეშში, 2022 წლის მაისში გაიმართება და მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ადვოკატთა საფეხბურთო გუნდები იასპარეზებენ.



 

გიორგი ჭეხანი 
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

მიწვევა ადვოკატთა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატში, რომელიც წელს მარაკეშში გაიმართება, ქართული ადვოკატურისა და ჩვენი საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა და საპასუხისმგებლოცაა და საპატიოც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და მისმა საფეხბურთო გუნდმა უკვე არაერთხელ იასპარეზა წარმატებით სხვადასხვა ტურნირში. ახლა მნიშვნელოვანია, შევძლოთ რესურსების მობილიზება, რომ ჩვენს გუნდს ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს. მე დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატში ჩვენი გუნდის ნაკრები ქართულ ადვოკატურასა და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარადგენს.

 

თენგიზ სულაქველიძე,
ნაკრების მწვრთნელი

შარშან ნაყოფიერი წელი გვქონდა, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ „მასტერ ლიგა“ და კმაყოფილი ვარ, რადგან თვალსაჩინოა, როგორ მიიწევენ წინ ბიჭები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თამაშებში მონაწილეობის საშუალება მიეცა გუნდის ყველა იმ წევრს, რომელთაც ამისი სურვილი ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, სერიოზულად უდგებიან ვარჯიშს.
მადლობა მინდა გადავუხადო ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებს დავით ასათიანსა და გიორგი ჭეხანს, რადგან მათ შესაბამისი პირობები შეუქმნეს ასოციაციის გუნდს, სწორედ ისეთი, როგორც ტოპგუნდებს შეეფერებათ.
ამ ეტაპზე საერთაშორისო ტურნირისთვის ვემზადებით. კონკურსიც უკვე გამოცხადებულია. მიმდინარეობს გუნდის წევრთა გადახალისება და ახალი წევრების მიღება, რაც კონკურენციასა და ხარისხს აამაღლებს, და, ცხადია, აუცილებელი პირობაა კიდევ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.
იმედი გვაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა საკმაოდ დიდ წარმატებას მოგვიტანს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჩემპიონატებზე. 

 

გიგი მუმლაძე 
გუნდის კაპიტანი

ეს იყო ნამდვილად თავდაუზოგავი შრომის შედეგი. პანდემიის პირობებში ჩვენ მოვახერხეთ პროფესიული საქმიანობის პარალელურად ინტენსიური ვარჯიშითაა და მონდომებით მაღალი შეფასება დაგვემსახურებინა მონაწილეობის პირველივე წელს. ამჟამად ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერითა და გუნდის მწვრთნელის ზედამხედველობით აქტიურად ვვარჯიშობთ და ვემზადებით „მასტერ ლიგის" ჩემპიონატისთვის. წელს უკვე ახალ ლიგაში დავწინაურდით და საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში.

 

ავტორი: ქეთევან სულხანიშვილი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი